ესთეტიკური მედიცინა არის ფართო სფერო, რომელიც მოიცავს დერმატოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას, ენდოკრინოლოგიას, თერაპიას, ესთეტიკურ სტომატოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, რადიოლოგიას და მედიცინის სხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ ამ საზოგადოების მიზანია გააერთიანოს მედიცინის სხვადასხვა დარგში მოღვაწე ექიმები, ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მოაწყოს კონგრესები და კონფერენციები, სადაც მოხდება ექიმების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხებსა თუ შეცდომებზე, მოიწვიოს უცხოელი ექიმები, მოახდინოს ექიმების ინფორმირება მსოფლიოში ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და კონგრესების შესახებ. სემს-ის საბოლოო და მთავარი მიზანია ესთეტიკური მედიცინის განვითარება საქართველოში.
2012 წლის 24 თებერვალს, UIME-ს (International Union of Aesthetic Medicine) IX ევროპულ კონგრესზე მადრიდში, საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება ერთხმად მიღებულ იქნა სრულუფლებიან 27-ე წევრად ორგანიზაციაში (UIME), რომელიც დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს მსოფლიოს 34 ქვეყნის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებას.
UIME-ს წევრი ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ კონგრესებს თავის ქვეყნებში. 2013 წლის 16-17 სექტემბერს საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებამ ჩაატარა I საერთაშორისო კონგრესი საქართველოში. მის მხარდასაჭერად კონგრესს დაესწრნენ და მოხსენებით გამოვიდნენ : UIME-ს პრეზიდენტი – ქ-ნ. ო.პანოვა , ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პრეზიდენტი – ბ-ნ. მ.დელუნი, უკრაინის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ბ-ნ.ვ.ცეპკოლენკო, პოლონეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ბ-ნ. ა. იგნასიუკი და აგრეთვე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები.